ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე კომპლექსური ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე კომპლექსური ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა

ქალაქის მთავარ სამმართველოში გარდაცვლილის ავტომობილში ექსპერტიზა 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. დღევანდელი ექსპერტიზის შედეგად აღადგინეს სურათი, თუ რა მდგომარეობაში იყო კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე

ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღო პიროვნებამ, რომელიც პარამეტრებით დაახლოებით, ეროსი კიწმარიშვილის მსგავსია. აღნიშნული პიროვნება ჩასვეს ავტომობილში და მისი მეშვეობით მოხდა იმის განსაზღვრა, თუ რა ტრაექტორიიდან მოხდა ტყვიის გასროლა და რა მდგომარეობაში იყო ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე.

„ძალიან მჭიდროდ იყო სკამზე გადაწოლილი, მიწოლილი იყო ზურგით და თავითაც. ეს მაფიქრებინებს, რაღაც სხვა ვითარებაზე, რაც იმ მომენტში შეიძლებოდა ყოფილიყო. დავუშვათ ისეთ ვითარებაზე, რომ გარდაცვლილის გარდა მანქანაში პიროვნება, რომელიც ღვედით ან რაიმე სხვა საშუალებით უკნიდან ეწეოდა და ცდილობდა, რომ გარდაცვლილი კონტროლში ჰყოლოდა და შემდეგ სხვადასხვა მოქმედება მოეხდინა“, - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურა კიწამარიშვილმა.

ექსპერტიზის ჩატარებას ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილიც ესწრებოდა.

ამ დროისთვის ეროსი კიწმარიშვილის საქმეში დარჩენილია კიდევ ერთი ექსპერტიზა - უხილავი კვალის ექსპერტიზა, რომელიც სპეციალურ გარემოპირობებს საჭიროებს და რომელიც ღამის პირობებში უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი 15 ივლისს იპოვეს.