პროექტი

პროექტი "ერთი დღე იუსტიციის სახლის თანამშრომლად" დასრულდა

დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტი სახელწოდებით - "ერთი დღე იუსტიციის სახლის თანამშრომლად" დასრულდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, თბილისში პროექტის მონაწილე 141 მოსწავლეს სერტიფიკატები გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია თბილისის იუსტიციის სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. პროექტი 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე მიმდინარეობდა და მასში 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

"ამ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დიდი გამოცდილება მიიღეს. იუსტიციის სახლისა და ჩვენი ცენტრის ერთობლივი პროექტი მთლიანად მოხალისეობრივ საწყისებზე იყო დაფუძნებული და ქვეყანაში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობდა, რაც დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს", - აღნიშნა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, გიორგი პაპავამ.

ახალგაზრდები იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეთა ნაკადის მართვაში ეხმარებოდნენ. პროექტი თბილისში, მარნეულსა და ბათუმში განხორციელდა.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერმა სოსო მაჩაიძემ. მისი თქმით, იუსტიციის სახლი დანაშაულის პრევენციის ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობს და ეს თანამშრომლობა მოზარდების იუსტიციის სახლში პერიოდულ "დასაქმებას" გულისხმობს.

ღონისძიებაზე სერტიფიკატებით დაჯილდოებულმა მოსწავლეებმა პროექტში მონაწილეობისთვის კმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ იუსტიციის სახლში მუშაობით დიდი გამოცდილება მიიღეს. დანაშაულის პრევენციის ცენტრმა, აღნიშნული პროექტი იუსტიციის სახლში პირადობის ახალი მოწმობების გაცემის აქციას დაამთხვია და სკოლის მოსწავლეებს საშუალება მისცა მოქალაქეთა მომსახურების პროცესში მოხალისედ ჩართულიყვნენ.

როგორც ცნობილია, 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული იყო აქცია, რომლის ფარგლებშიც მსურველებს ახალი პირადობის მოწმობების აღება 34 ლარის ნაცვლად, 15 ლარად შეეძლოთ. აქციით "შეცვალე ძველი ახლით" 130 369 მოქალაქემ ისარგებლა.