შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური ავტორიტეტის უცხოეთიდან საქართველოში დეპორტაციისა და საქართველოდან მისი სხვა ქვეყანაში გადასვლის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "მორიგ ტყუილს" უწოდებს.
როგორც უწყების პრესსამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი აცხადებს, ლექსო ლოგუა საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოსულა.
"მორიგი ტყუილი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება კანონიერი ქურდების ქვეყანაში თითქოსდა შემოსვლის შესახებ. ლექსო ლოგუა საქართველოში არ იმყოფება და ქვეყნის ტერიტორიაზე არც შემოსულა. რაც შეეხება ავთანდილ ლუტიძეს, ის კანონიერი ქურდი არ არის, ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელიც შემოვიდა საქართველოში საკუთარი სახელითა და გვარით და ასევე დატოვა ქვეყნის ფარგლები", - აცხადებს გიორგობიანი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე კრიმინალური ავტორიტეტის უცხოეთიდან საქართველოში დეპორტაციისა და საქართველოდან მისი სხვა ქვეყანაში გადასვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თარგამაძემ განაცხადა, "ამჯერად მინსკიდან ლექსო ლოგუას დეპორტაცია განხორციელდა, რომელიც ამის შემდეგ თურქეთში აღმოაჩინეს".
"ჩვენთ ხელთ არსებული ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი ლექსო ზურაბის-ძე ლოგუა (19.12.1979, მეტსახელად ლექსო გალელი) 2014 წლის 12 ივნისს დააკავეს ქ. მინსკში და გაუკეთეს დეპორტაცია საქართველოში. დეპორტაციის შემდეგ ლექსო ლოგუა, რომელიც ქურდად გელა ქარდავამ "აკურთხა", აგვისტოს თვეში საქართველოს საპატიმროს ნაცვლად აღმოჩნდა თურქეთში გამართულ კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებაზე, სადაც სენაკში მშვიდად მაცხოვრებელი კანონიერი ქურდი ცანციკას სიძე მახარე გვარამია (მაცე) ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ლექსო გალელი 2012 წლის შემდეგ მეორედ შემოვიდა საქართველოში და მეორედ აღმოჩნდა საპატიმროს ნაცვლად თურქეთში (პირველად ეს 2013 წლის 13-14 აგვისტოს მოხდა).
როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ასეთი მოვლენები შეუძლებელი იქნებოდა დღევანდელი მთავრობის ღია, თუ ფარული დახმარებისა და მფარველობის გარეშე", - განაცხადა თარგამაძემ.
გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი ავთანდილ ამირანის-ძე ლუტიძე (მეტსახელად ლუტია ქუთაისელი) 2014 წლის 5 სექტებრს, 22:36 საათზე, სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა და 6 სექტემბერს, 21:29 საათზე ქვეყანა წითელი ხიდის გავლით დატოვა და აზერბაიჯანში გადავიდა.
"ავთანდილ ლუტიძე გახლავთ ლავას-ოღლის კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი გავლენიანი პირი. ჩვენი ინფორმაციით, მას სარფში დახვდა და წითელ ხიდამდე მიაცილა საქართველოს შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) ხელმძღვანელი მალხაზ ჩიკვილაძე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ასეთი თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას", - განაცხადა გივი თარგამაძემ.