საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა თურქეთის განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა.
პროგრამა მიმდინარე წლიდან თითოეულ საშუალო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი 10 და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში ქართული ენის 244-საათიან სწავლებას ითვალისწინებს.
როგორც თურქეთში საქართველოს საელჩოს "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული, პროგრამის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელს, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაში (TRT) საქართველოს შესახებ მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის („კავკასიის ქარი“) ავტორს ერდალ ქუჩუქსა (ელიზბარ ციმნარიძე) და ცნობილ ანკარელ მწერალს ქევსერ რუჰს (ქეთევან ხანთაძე). პროგრამის თარგმანში ქევსერ რუჰთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ პროფესორი ნანა კაჭარავა და ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრანტი მარიამ გაფრინდაშვილი.
საქართველოს საელჩო ულოცავს თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ამ ისტორიულ ფაქტს და მიღებული გადაწყვეტილების გამო თურქეთის ხელისუფლებას მადლობას უხდის.