კონფერენციას "ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი საკითხები" სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.
ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობა ზედმეტად მკაცრია და მისი ლიბერალიზაციაა საჭირო. კერძოდ, მინისტრი აცხადებს, რომ პირს, რომელიც საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან უნებლიედ, ბოროტი განზრახვის გარეშე შემოვა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად ჯარიმა უნდა დაეკისროს.
"მე მიმაჩნია, რომ ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ მისი მოტივი არ არის დანაშაულის ჩადენა", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილების მხარდაჭერა რუსეთის ინტერესების გატარებას ნიშნავს.
"თუ ამ პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობა გაიზიარებს, ეს იქნება პირველი დე-იურე აღიარება იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადგილზე წარმოიქმნა ახალი ე.წ. სახელმწიფოები, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს არის უსერიოზულესი პოლიტიკური დებატების საგანი", - აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.