"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებლის სერგი კაპანაძის შეფასებით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები ევროკავშირის მოთხოვნაა. ამის შესახებ კაპანაძემ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომლის თემაა "ტერიტორიული ოკუპაციის სამართლებრივი საკითხები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში".
სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აპელირებენ, რომ ეს მოთხოვნა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით არის განსაზღვრული, რაც არასწორია.
"მე ვიყავი ერთ-ერთი მომლაპარაკებელი ასოცირების შეთანხმების ტექსტზე და მინდა გითხრათ, რომ ხელშეკრულება აბსოლუტურად არაფერს ამბობს ამ ცვლილებების შესახებ, არსად არ არის ნახსენები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი. ის დოკუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს ასე თუ ისე აღქმული, როგორც დამავალდებულებელი ქართული მხარისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს კანონში, არის ე.წ. ასოცირების დღის წესრიგი, რომელშიც წერია მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ზოგადი ფრაზა, რომ "კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოში, რათა იქნას ვაჭრობა, მოგზაურობა და ინვესტირება ხელშეწყობილი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. მათ შორის კანონის გადახედვასთან დაკავშირებით". ის ცვლილებები, რომელიც ახლა არის შეტანილი პარლამენტში, რეჟიმის დეკრიმინალიზაციას ეხება სახელმწიფო საზღვრის პირველ კვეთაზე, საუბარია საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე და არაფერი კავშირი არ აქვს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრის მოძრაობასთან, ამიტომ დაბრალება ევროკავშირზე, რომ მათი მხრიდან არის ეს მოთხოვნა, არასწორია, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ამასთან, იგი ვარაუდობს, რომ კანონპროექტის განხილვას პარლამენტში კვლავ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება და არასწორი და სამწუხარო იქნება, თუ დისკუსია წარიმართება იმ რაკურსში, რომ აღნიშნულ ცვლილებებს ევროკავშირი ითხოვს.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა მის შემდეგ განხილვები შეწყდა. ცვლილებების თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე, სისხლის სამართლებრივი დანაშაული აღარ იქნება და პირველ ჯერზე მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას განეკუთვნება.