არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამის დახმარებით, შიდა ქართლში, 25 სექტემბრის მონაცემებით, ფერმერებმა უკვე 5 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩააბარეს. პროგრამაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეუნრეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, შიდა ქართლის 5 საწარმოა ჩართული - „ბიოჯუსი“, „გეოფრუტი“, „ნატურალ 7“, „სამეგობრო“ და „ჯეო კონცენტრანტი“.
ქარელის რაიონში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის პროცესის გასამარტივებლად, პროექტში ჩართული ხილის გადამამუშავებელი კომპანიები ვაშლის ტრანსპორტირებას ქარხნებამდე თავად განახორციელებენ, საორგანიზაციო საკითხებს კი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მოაგვარებს. პროგრამის განხორციელების და საწარმოში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, 10 სექტემბრიდან გორში საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.
პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.10 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.08 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.