ავტობუსების პარკი მოძველებულია და ის განახლებას საჭიროებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს სატრანსპორტო საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, შემოყვანილი იყო მეორადი მოხმარების ავტობუსები და სწორედ ისინი საჭიროებენ განახლებას.
"ჩვენ ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ და გადავწყვეტთ, როგორ მოხდება აღნიშნული პრობლემის გამოსწორება. ჯერჯერობით კონკრეტულად არ გვაქვს გადაწყვეტილი, დაემატება ახალი ავტობუსები და როგორ მოხდება მისი მოდერნიზაცია. ეს სერიოზულ ინვესტიციას საჭიროებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მან ასევე ისაუბრა მეტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ერთი დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობაზე, ტენდერი უკვე დასრულებულია.
"ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ ერთი დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობა ვაჟა-ფშაველას ხაზზე, ახლა უკვე ტენდერი დასრულებულია და კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობა", - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე განცხადებით, იგი 2 კვირის წინ შეხვდა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს და აღნიშნულ თემაზე ისაუბრა.
"აღნიშნული პროექტის განხორციელებას წინ არაფერი უდგას, ამას გარდა, მეტროსადგურებში გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, მართვის სისტემები და ესკალატორები მოძველებულია და შეკეთებას საჭიროებს. ამისთვისაც სერიოზული ინვესტიციები დაგვჭირდება და ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ", – განაცხადა დავითა ნარმანიამ.