რუსეთს შესაძლოა, გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება შეეზღუდოს

რუსეთს შესაძლოა, გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება შეეზღუდოს

რუსეთს შესაძლოა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება შეეზღუდოს. უცხოური მედიის თანახმად, გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტოს შეზღუდვის ინიციატივა პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომაროვსკიმ წამოაყენა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ყირიმის რეზოლუციის პროექტზე რუსეთის მიერ გამოყენებული ვეტო გაიხსენა და აღნიშნა, რომ თუ წესები არ შეიცვლება, მსოფლიო ისევ უძლური იქნება ძალადობის წინააღმდეგ.

"ვფიქრობ, რომ უშიშროების საბჭოს უკრაინის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების დაბლოკვა გაერო-ს ერთიანი სისუსტის სიმპტომია", - აღნიშნა ბრონისლავ კომაროვსკიმ.

ვეტოს შეზღუდვის ინიციატივა საფრანგეთმაც წარმოადგინა. ფრანგული მხარის ინიციატია უშიშროების საბჭოს ხუთი პერმანენტული წევრისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ საქმე მასობრივ სისასტიკეს ეხება.

თავის მხრივ, გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტოს გამოყენების წესების შეცვლას შეეწინააღმდეგება.

"ჩვენ მხარს დავუჭერთ უშიშროების საბჭოს რეფორმირებას. ამ საკითხზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ რუსეთი ვეტოს გამოყენების უფლებასთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელებას ეწინააღმდეგება", - აღნიშნა ვიტალი ჩურკინმა.