საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის მტკიცებით, საკომუნიკაციო-პროვაიდერი კომპანიები არც ფინანსურად და არც საკადრო თვალსაზრისით, მზად არ არიან, ფარულ მოსმენა-მიყურადებისას დაცვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ.
როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუკი ე.წ. გასაღების პროვაიდერი კომპანიებისათვის გადაცემა გადაწყდება, ისინი ამ საქმის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხების გამოყოფას მოითხოვენ.
"შინაგან საქმთა სამინისტროსა და პროვაიდერ კომპანიებს შორის საქმიანი მიმოწერა იყო. დათვლილია და საკმაოდ დიდ თანხას თხოულობენ იმისთვის, თუკი პროვაიდერებს "გასაღების" უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაევალებათ. ამისათვის საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდებათ ბიუჯეტიდან – თავად არ არიან თანხის გაღებისთვის მზად. გარდა ამისა, ეს ბიზნესი საქართველოში წარმატებული ბიზნესია და არის 200-მდე კომპანია, მათ შორის შედარებით მცირე ორგანიზაციები, მაგალითად, ინტერნეტპროვაიდერები. მათ ვალდებულება უნდა აიღონ, ჰქონდეთ არამხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფა, არამედ ჰყავდათ შესაბამისად მომზადებული კადრები, რომლებიც პასუხისგებელნი იქნებიან სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვაზე. ეს არის პრობლემა, რასაც უცხოელი ექსპერტებიც აღიარებენ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვოლსკიმ.
დეპუტატის აზრით, ფარულ მოსმენა-მიყურადღების საკითხებში კონტროლის მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეს. ამ კონტექტში ვოლსკიმ ყურადღება პერსონალურ მონაცემეთა დაცვის ინპექტორის როლზე და სასამართლოზე გაამახვილა. დეპუტატეის თქმით, "დღევანდელი სასამართლო ის სასამართლო არ არის, ვინც ყველა მიტანილ შუამდგომლობას ბეჭედს დაარტყამს".
"არის შემთხვევები, თუკი მოსმენის განხორციელებაზე წარდგენილი მოთხოვნა დასაბუთებული არ არის, სასამართლო თანხმობას არ ამბობს", - აღნიშნა ვოლსკიმ.
ევროსაბჭოს ექსპერტები ფარულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოსმენებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ახალ მოდელს – ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას სთავაზობენ. ექსპერტები ჯოზეფ კანატაჩი და გრეჰემ სატონი აღნიშნულ თემაზე მომუშავე ჯგუფს ურჩევენ, თუ ფარული მოსმენა-მიყურადების გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება, კერძო პროვაიდერს ან მონიტორინგის სპეციალურ სამსახურს მეორე გასაღები გადაეცეს. მათი შეფასებით, ამგვარი მექანიზმი უკანონო მოსმენებისგან დაცვას მეტად უზრუნველყოფს.