ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენებს დავალებული ჰქონდათ და სააკაშვილის ოჯახის წევრებს მილიონებს ურიცხავდნენ. ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ ეს ანგარიშები ოფშორულ ზონაში იყო, რასთანაც გამოძიებას წვდომა არ აქვს.
"პირადად ვიცი რამდენიმე ბიზნესმენი, რომელსაც დავალებული ჰქონდა სააკაშვილის ოჯახის წევრებისთვის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. ეს იყო ათეულობით მილიონი ლარი. ეს ანგარიშები იყო სადღაც ოფშორულ ზონაში და გამოძიებისთვის ძალიან რთულად იქნება დასამტკიცებელი, რომ ეს თანხა სააკაშვილისთვის ირიცხებოდა. ამას იტყვიან მოწმეები, მაგრამ სასამართლოში ძალიან რთულია რამდენიმე ჩვენებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
ოფშორულ ზონებთან წვდომა გამოძიებას არ აქვს, თუმცა არის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებათა შეთანხმების დონეზე ხდება ინფორმაციის გაცვლა. ამ დროს ბანკებიც მიდიან გარკვეულ დათმობებზე და კონფიდენციალურ ანგარიშებსაც ასაჯაროებენ. გააჩნია, როგორი ინტერესი იქნება ამ საკითხისადმი და როგორ მოინდომებს პროკურატურა. შეუძლებელი არაფერია,"-აცხადებს გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში მირიან ნიკოლაძე.