C ჰეპატიტის მკურნალობა მსჯავრდებულთა მეორე ჯგუფმაც სრული განკურნებით დაასრულა

C ჰეპატიტის მკურნალობა მსჯავრდებულთა მეორე ჯგუფმაც სრული განკურნებით დაასრულა

სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობის კურსი სრული განკურნებით კიდევ 25-მა პაციენტმა დაასრულა.

პროგრამაში ჩართულ 25 პაციენტს ექიმებმა უკვე გადასცეს ლაბორატორიული ტესტების პასუხები, რომლითაც დგინდება, რომ C ჰეპატიტის ვირუსისგან ისინი სრულად განიკურნენ. წინასწარი მონაცემებით, ამ მომენტისთვის ანალოგიური შედეგები აქვს კიდევ 148 პაციენტს, რომლებიც მკურნალობას ოფიციალურად დაასრულებენ უახლოეს მომავალში. ამ მომენტისთვის განკურნების მაჩვენებელი 95%-ია. 

C ჰეპატიტის პროგრამა, მთავრობის გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით,  სასჯელაღსრულების სისტემაში 2013 წლიდან ხორციელდება და ინფექციის პრევენციას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ისახავს მიზნად. პროგრამა ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომია და მის ფარგლებში გამოკვლევები უკვე 7000-მდე პატიმარს ჩაუტარდა.

მკურნალობის პროცესს ექიმ-ინფექციონისტების მაღალკვალიფიციური გუნდი, სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის ექსპერტები და ლაბორატორიული ქსელი მართავს, ხოლო მკურნალობაში ჩართვაზე გადაწყვეტილებას სამედიცინო კრიტერიუმების საფუძველზე ექიმთა კომიტეტი იღებს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პროგრამის დაწყების პარალელურად მკურნალობის ღირებულება 60%-ით გაიაფდა სამოქალაქო სექტორის პაციენტებისთვისაც, რომლებმაც ფასდაკლებით სარგებლობისთვის ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.