პეტრიაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად

პეტრიაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად "თბილღვინოს" ქარხანას სტუმრობდა

ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და კომუნიკაციის სტრატეგიის რეალიზაციის ფარგლებში, "თბილღვინოს" ქარხანაში გაცნობითი ტური და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

"საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც ემსახურება ქვეყნის მასშტაბით ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების თაობაზე ინფორმირებულობის ამაღლებას და შესაბამისად ჩვენმა მეწარმეებმა, მათ შორის, ღვინის მწარმოებლებმაც კარგად უნდა იცოდნენ, თუ რაზე არის საუბარი კონკრეტულად ამ შეთანხმებებში, რა კეთილდღეობები მოაქვს ჩვენთვის და რა ვალდებულებები", - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგებლენთან ერთად "თბილღვინოს" ქარხანაში სტუმრობისას.

სტუმრებმა ქარხანა დაათვალიერეს და პერსონალთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასა (DჩFთA) და იმ კონკრეტულ ეკონომიკურ სარგებელს, რასაც საქართველოს აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლა მოუტანს.

კომპანია "თბილღვინოში" გაცნობითი ტური და ღვინის დეგუსტაცია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და კომუნიკაციის სტრატეგიის რეალიზაციის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.