ლევან ჩაჩუა პროკურატურის ინფორმაციას უარყოფს

ლევან ჩაჩუა პროკურატურის ინფორმაციას უარყოფს

ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა კატეგორიულად უარყოფს პროკურატურის ინფორმაციას, რომ მან მოწმეზე ზემოქმედება განახორციელა , - ამის შესახებ ლევან ჩაჩუამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, სადაც მოსამართლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი ადვოკატების შუამდგომლობა და ლევან ჩაჩუა პატიმრობაში დარჩა. 
როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, იგი აქტიურად თანამშრომლობდა პროკურატურასთან და არ უცდია გამოძიებისგან მიმალვა. 

"სამკურნალოდ ვიყავი გერმანიაში და გამომძიებელს ორი კვირით ადრე თავად დავურეკე, რათა მეცნობებინა ჩემი გამგზავრების შესახებ, ვკითხე რამეში ხომ არ ვჭირდებოდი და მითხრეს, რომ შემეძლო წავსულიყავი. ერთი წლის შემდეგ 19 მარტს გავიდა ვიდეო კლიპი ჰაკიმ-ფაშას სახელით. აღმოჩნდა რომ არ მქონდა პროკურორ ზაზა შანშიაშვილის ნომერი. დავურეკე ჩემს მეგობარ ალეკო გეჯაძეს და ვთხოვე მოეცა გენერალურ პროკურატურაში ჩემი ნაცნობის ალეკო ჯიბლაძის ნომერი, რომელიც დამეხმარებოდა გამომძიებელს დავკონტაქტებოდი, ჯიბლაძემ თვითონ დამირეკა და მითხრა, რომ ჯობდა პროკურატურაში მივსულიყავი. მივედი პროკურატურაში და მთელი დღის განმავლობაში მკითხავდნენ. საღამოს ათის ნახევარზე სახლში დავბრუნდი და ისევ დამირეკეს, რომ რაღაც საკითხი კვლავ იყო გასარკვევი და უნდა მივსულიყავი. ზუსტად ვიცოდი, რომ დამაკავებდნენ, თუმცა პროკურატურაში მივედი და მართლაც დამაკავეს", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ. 

რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედების საკითხს, პროკურორმა რევაზ ნადოიმ დღეს დააფიქსირა პოზიცია. პროკურორმა აღნიშნა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე ლევან ჩაჩუას მხრიდან და მას აღმკვეთის ღონისძიება სწორედ ამ მოტივით არ უნდა შეცვლოდა. რევაზ ნადოიმ ისიც განაცხადა, რომ საქმეში არსებობს წერილი, რომლის მიხედვით ბრალდებული ექსპერტი სხვა მის კოლეგაზე, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ექპსეტიზაში მონაწილეობდნენ, ზემოქმედებას ახდენდა. ლევან ჩაჩუამ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და პროკურორის განცხადებს სამარცხვინო უწოდა. 

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთი ზარიც არ განმიხორციელებია ზეწოლის მიზნით", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ. 

ამასთან, მან პროკურორის კიდევ ერთხელ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვით ლევან ჩაჩუას ძმამ, გიორგი ჩაჩუამ ზემოქმედება სცადა ექსპერტ კახა ერისთავზე. ლევან ჩაჩუას თქმით, პროკურორს უნდა შეესწავლა კახა ერისთავისა და მისი ძმის ურთიერთობა და მსგავსი განცხადება ამის შემდეგ გაეკეთებინა.

"კახა ერისთავი და ჩემი ძმა დიდი ხნის მეგობრები არიან. ჩემი ძმა მისი პირველი ქორწინების დროს იყო ერისთავის მეჯვარე და უახლოესი ურთიერთობა ჰქონდათ. პროკურორი ამბობს, რომ დიდი სანაცნობო წრე მყავს. დიახ, მყავს. ვიცნობ საქართველოში ყველა ექსპერტს, თქვენც გიცნობთ, ბატონო რეზო, მაგრამ რა ხეირი?", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ პროკურორის მისამართით და აღნიშნა, რომ წერილი, რომელიც საქმეში დევს და მისი მხრიდან მოწმეზე ზეწოლაზე მიუთითებს, სიმართლეს არ აღწერს. 

"ამ წერილს, რომლითაც აპელირებთ, 15-წლიანი ხანდაზმულობის ვადა აქვს და ვინმე აუცილებლად მოიკითხავს. არ გეშინიათ, რომ ამ წერილით სასამართლო შეცდომაში შეგყავთ? 30 წელია ვმოღვაწეობ ამ სფეროში და საყვედურიც არავისგან მიმიღია. არავითარი მცდელობა არ მქონია და არც არასდროს ვიკადრებ, რომ ჩემს კოლეგას რაიმე მსგავსი ვთხოვო. ამინისტირებული მუხლის პირობებში უკვე შვიდი თვეა ვიმყოფები ციხეში და პრობლემა არ მაქვს, რომ საქმის განხილვის ვადის ამოწურვამდე გაგრძელდეს ჩემი პატიმრობა", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ. 
მის ვრცელ განცხადებას უპასუხა პროკურორმა რევაზ ნადოიმ. 

"მე არაფრის არ მეშინია და სირცხვილი ის არის, რაც თქვენ ჩაიდინეთ", - განაცხადა პროკურორმა, რის შემდეგაც მას სიტყვის გაგრძელების უფლება მოსამართლე ნინო სანდოძემ აღარ მისცა და მოუწოდა რომ ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციას ნუ დაარღვევდა.