რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე უმრავლესობაში პოზიციები გაიყო

რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე უმრავლესობაში პოზიციები გაიყო

საპარლამენტო უმცირესობამ ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროს სხდომაზე დააყენა.

უმცირესობის წევრის სერგო რატიანის თქმით, უკვე მეორე წელიწადია საქმე გამოუძიებელია, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხზე მეთვალყურეობა საკანონმდებლო ორგანოდან განხორციელდეს.

ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისის შექმნის თაობაზე მოსაზრებები უმრავლესობას შორის გაიყო. გია ვოლსკიმ ოპონენტების იდეას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა, ხოლო ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ ინიციატივას მხარს უჭერს, რადგან ამ საქმეს წერტილი უნდა დაესვას.

ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძეს მიკროფონი გამოურთო. მან დეპუტატს რეგლამენტის დაცვა მოსთხოვა. ვოლსკის კი სხდომაზე უმცირესობის დეპუტატი სერგო რატიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ,,პოლიტიკურ სპეკულაციებს ადგილი ,,ქართული ოცნების მხრიდან ჰქონდა, როდესაც რაფალიანცის მკვლელობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებდნენ".

საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილეობაზე პარლამენტმა შესაძლოა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელოს.