მიმდინარე წლის 19 დეკემბერს სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი ჯონ ბონ ჯოვი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ეს ცნობა თავდაპირველად “Twitter”-ში გამოქვეყნდა, მოკლე დროში კი უკვე მთელ ინტერნეტ სივრცეს მოედო. 20 დეკემბერს “სამწუხარო ამბავი” რამდენიმე ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამაც გაავრცელა.
მუსიკოსის თაყვანისმცემლებს ვაცნობებთ, რომ მავანი და მავანი ოხუნჯობის მოყვარულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. ჯონ ბონ ჯოვი თავს შესანიშნავად გრძნობს და ახლობლებლებთან ერთად მომავალი შობა-ახალი წლის შესახვედრად ემზადება.
გუშინ საღამოს “Bon Jovi”-ს ლიდერმა ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკუთარი გარდაცვალების ცნობა არ დაადასტურა.
საინტერესოა, რომ ანალოგიური შემთხვევა ორი თვის წინაც დაფიქსირდა. მაშინ სენსაციის მოყვარული ჟურნალისტების მსხვერპლი ჯგუფი “Simply Red”-ის ყოფილი ლიდერი მიკ ჰაკნალი გახდა.
ჰაკნალი გარდაცვლილთა სიაში ისეთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ შეიყვანა, როგორიც “Global Associated News”-ია.
მიკ ჰაკნალმა მაშინ საკუთარ თაყვანისმცემლებს საგანგებო წერილით მიმართა.
“ოფიციალურად მოვკვდი, არაოფიციალურად კი ჯერჯერობით ცოცხალი ვარ. გარწმუნებთ, თავს ჩინებულად ვგრძნობ. რამდენიმე დღეა შესანიშნავად ვისვენებ. ყოველ საღამოს წვეულებებზე დავდივარ. სიკვდილს არ ვაპირებ. დაწყნარდით. თქვენი მიკ ჰაკნალი ცოცხალია”.