სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თურქეთში ქართული ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას და ისტორიულად ქართულ ეკლესია-მონასტრებში ქართულ წირვა-ლოცვის აღდგენას ითხოვს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს მეჰმედ გორმეზის ხვდება. მეჰმედ გორმეზი საპატრიარქოში წარმომადგენლობითი დელეგაციით იმყოფება. პატრიარქმა გორმეზის ვიზიტს მნიშვნელოვანი და ისტორიული უწოდა.
პატრიარქმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ იგი სიყვარულით იხსენებს თურქეთში ვიზიტს და იმედოვნებს, რომ მეჰმედ გორმეზის ვიზიტი გაგრძელება იქნება იმ ძმური და მეგობრული ურთიერთობის, რომელიც მისი ვიზიტის დროს თურქეთში დააიწყო.
"მე არ დამავიწყდება ის ძმური და მეგობრული შეხვედრები, რომელიც ჩვენ გქვონდა თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში. შეიძლება ითქვას, რომ ამის ახალი ეტაპი იქნება ჩვენი ურთიერთობები და ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. უნდა ითქვას, რომ ურთიერთობა ჩვენს შორის ყველას არ მოსწონს. მაგალითად, ის რაც მოხდა ამ დღეებში, რომლის შესახებ ჩვენ სპეციალური განცხადება გავაკეთეთ, ასევე ის რაც მოხდა ჩემი თურქეთში ვიზიტის წინ, როდესაც დაანგრიეს ერთ-ერთი ქართული ეკლესია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გაღიზიანებული ურთიერთობები იყოს ჩვენს შორის. ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ასეთ მოვლენებს ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია ხალხისთვის", - აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა საუბრისას ასევე გაიხსენა ის ფაქტი, რომ ის აღზრდილია ისეთ ოჯახში, სადაც მუსულმანებს პატივს სცემდნენ. პატრიარქის განცხადებით, მის მშობლებს ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალი მუსლიმანი მეგობარი ჰყავდათ და როდესაც ისინი მათთან სტუმრად ჩამოდიოდნენ, მისი მშობლები მუსულმან სტუმრებს ყველაზე დიდ ოთახს უთმობდნენ. იქ ხალიჩას ფენდნენ, რათა მათი ოჯახის მუსულმან მეგობრებს შესძლებოდათ ლოცვა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ თავად მისი ოჯახის წევრები მეორე ოთახში ხატებთან ლოცულობდნენ, შემდეგ კი ერთად სუფრასთან სხდებოდნენ და სადილს მიირთმევდნენ.
პატრიარქმა ასევე გაიხსენა ის ფაქტი, რომ საბჭოთა პერიოდის დროს, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მუსულმანები ჩრდილოეთ კავკასიიდან შუა აზიაში გაესახლებინათ, პატრიარქის მამამ შესთავაზა თავის მუსულმან მეგობრებს, რომ მათ შვილებს იშვილებდა, რათა შუა აზიაში არ გადაესახლებინათ. უწმინდესის თქმით, მოგვიანებით ინგუშეთის პრეზიდენტის რუსლან აუშევის მეშვეობით მან მოძებნა მისი ოჯახის მუსულმანი მეგობრების შთამომავლები და დღემდე აქვთ ურთიერთობა. პატრიარქმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბოლო წლებში საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთი აშენდა, თურქეთში კი ქართული სალოცავები არ არის.
"საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია და სამწუხაროა, რომ არც ერთი ქართული სალოცავი თურქეთში არ არის. ამის გამოსწორება საჭიროა. ისეთ ისტორიული ქართული ძეგლები როგორიც არის არდაშენი, ოშკი, ხახული, იშხანი, ხანძთა, ოთხთა – ეს არის ცნობილი დიდი სამონასტრო ქართული კერები. იქ დღეს ქართველები ჩადიან, იქნებ იყოს საშუალება იქ იმოღვაწონ ქართველმა ბერებმა და აღსდგეს ქართულად მსახურება. მრავალი ქართველი ტურისტი ჩადის თურქეთში, ისინი ითხოვენ ლოცვას ქართულ ენაზე. ამასთან უნდა ითქვას, რომ ქართულ ეკლესიას თურქეთში არ გააჩნია იურიდიული სტატუსი", - აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, თურქეთში ყველა ქრისტიანულ ეკლესიას, კერძოდ, ბერძნულს, სომხურს, რუსულს აქვს იურიდიული სტატუსი, ქართულს კი - არა. პატრიარქმა ასევე ისაუბრა იმის შესახებაც რომ შესაძლებელია რელიგიის საკითხებზე სხვა კუთხითაც ურთიერთობის განმტკიცება და თანამშრომლობა.
პატრიარქის ინფორმაციით, რიზეს უნივერსიტეტი საპატრიარქოს უნივერისტეტთან დაძმობილებულია, შესაძლებელია ასევე თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიის და თურქეთში, რომელიმე სასულიერო სასწავლებელთან ურთიერთობის ჩამოყალიბება.
პატრიარქმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მისი ბოლო ვიზიტის დროს თურქეთში ისაუბრეს ორმხრივი ქართულ-თურქული კომისიის შექმნის შესახებ, რომელშიც ოთხი წევრი საქართველოს მხრიდან შევა, ოთხი - თურქეთის მხრიდან. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ეს კომისია უკვე შექმნილია საქართველოში და როგორც მისთვის არის ცნობილი, თურქეთშიც ჩამოყალიბდა.
პატრიარქმა შეხვედრაზე კიდევ ერთი საკითხი დააყენა. კერძოდ, არის შემთხვევები როდესაც ისტორიულად ქართულ ტაძრებს ითვისებენ სხვა ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები. პატრიარქმა შეხვედრაზე ითხოვა ისტორტიულად ქართულ ეკლესია-მონასტრებთან ქართულად და თურქულად იყოს გაკეთებული წარწერები, რომ ისინი ქართული წარმოშობისაა.
უწმინდესი საუბრისას ასევე შეეხო თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ქართულ ტაძრებში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს და აღნიშნა, რომ საჭიროა ორივე მხრიდან ამ ტაძრების რესტავრაციისადმი ყურადღება, რადგან ეს უფრო მეტ შედეგს გამოიღებს. პატრიარქმა ასეევ ხაზი გაუსვა არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას ამ ტაძრებში, რომელიც ბევრ საკითხს გადაწყვეტს.
"საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ შორის ნამდვილად ძმური და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი აღმატებულების, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩამობრძანდით ჩვენთან და ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტს ექნება შედეგები", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.