გიორგი აბაშიძეს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედება დაუდგინდა

გიორგი აბაშიძეს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედება დაუდგინდა

პოლიციამ ნარკოლოგიური შემოწმების მიზეზით ბათუმში, გვიან ღამით ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე დააკავა.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, აბაშიძეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედება, რის გამოც, სავარაუდოდ, დააჯარიმებენ. როგორც აბაშიძის ადვოკატი რომან პაპიძე აცხადებს, თავად აბაშიძე ეჭვობდა, რომ მისი დაკავებით კონკრეტული პირები იყვნენ დაინტერესებულები.

დაცვის მხარის თქმით, აბაშიძე მეგობართან ერთად იმყოფებოდა, თუმცა პოლიციამ მხოლოდ აბაშიძე აიყვანა. მან დაკავებისას მედიასაშუალებებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

შსს-ს  ინფორმაციით, აბაშიძემ 45-ე მუხლი დაარღვია, რაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა, ან შენახვა - გასაღების მიზნის გარეშე, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.