ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი მოსკოვის საპატრიარქოში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა.
სააგენტო "რესის" ინფორმაციით, დეფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა განა იანოვსკაიამ განაცხადა, რომ თიბილოვმა და პატრიარქმა კირილმა განიხილეს საკითხები, რომლებიც უკავშირდება ე.წ. სამხრეთ ოსეთში სასულიერო და ეკლესიური ცხოვრების საკითხებს.
განა იანოვსკაიას ინფორმაციით, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, თიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. სამხრეთოსურ ეპარქიასთან თანამშრომლობას აპირებს.
"შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხები სამხრეთ ოსეთში ეკლესიის განვითარებისა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა თიბილოვმა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა არის დადასტურება მყარი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა ცხინვალსა და მოსკოვს შორის. თიბილოვის განცხადებით, მან რუსეთის პატრიარქს მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა, პატრიარქმა კირილმა კი სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანები დალოცა.