„მთავრობა, რომელიც კოჰაბიტაციაშია „ნაცმოძრაობასთან“, ვერ ახერხებს თანამშრომლობას საკუთარი გუნდის პრეზიდენტთან“

„მთავრობა, რომელიც კოჰაბიტაციაშია „ნაცმოძრაობასთან“, ვერ ახერხებს თანამშრომლობას საკუთარი გუნდის პრეზიდენტთან“

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს პროცესები ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პროგნოზირებდა, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დათანხმდა იმას, რომ ერთ ადამიანს ეკონტროლებინა მთელი სახელმწიფო და ჩვენთვის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი დაენიშნა: 

“ბუნებრივია, რომ სრულიად მოსალოდნელი იყო მოვლენების ამგვარი განვითარება. ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ, ისევე როგორც არაერთგზის,  ჩემი პროგნოზი გამართლდა.

ქვეყანა არის ურთულეს მდგომარეობაში. ძალიან მძიმე ვითარებაა როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე ქვეყნის შიგნით. ეს არის სამარცხვინო, რაც ქვეყანაში ხდება, როცა მთავრობა, რომელიც კოჰაბიტაციურ რეჟიმშია „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ დღეს ვერ ახერხებს ელემენტარულ კოჰაბიტაციას და თანამშრომლობას საკუთარი გუნდის წევრებთან იმ დონეზე მაინც, რომ ეს არ იქცეს საერთაშორისო სკანდალად. მე, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს და პოლიტიკოსს, შემიძლია გითხრათ, რომ არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი, რომ ქვეყანაში იყოს დავა და კამათი, ვინ უნდა წავიდეს ვიზიტით ასეთი უმაღლესი დონის შეხვედრაზე. კიდევ უფრო სამარცხვინოა, როდესაც აღმოჩნდა რომ მთელი მთავრობა და საგარეო უწყება დაკავებულია იმით, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ჩაშალოს, ნაცვლად იმისა, რომ ემზადებოდეს ვიზიტისთვის. ვერაფერს სასიკეთოს ეს მთავრობა ჩვენს ქვეყანას ვეღარ მოუტანს და ნამდვილად დროა, რიგგარეშე არჩევნებზე სერიოზულად ვიფიქროთ.

სამწუხაროდ, ჩვენ აღარ ვართ ნორმალური სახელმწიფოების რიგში უკვე კარგა ხანია. ჩვენთან პოლიტიკური პროცესები ვითარდება არანორმალურად. ასე რომ პროგნოზების გაკეთება ნამდვილად რთულია. მაგრამ ის, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი კრიზისის განსამუხტავად დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები, ეს პოლიტიკის ანაბანაა. კარგი იქნება თუ ჩვენი საზოგადოება ამას ადექვატურ შეფასებას მისცემს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.