2014 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში იმსჯელეს. ანგარიში უმრავლესობის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილმა წარუდგინა.
დოკუმენტის განხილვისას მთავარი უკმაყოფილება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეუსრულებლობის გამო გამოითქვა, რადგან მთელი რიგი სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამოყოფილი თანხები ათვისებული არ არის.
სამ საპარლამენტო კომიტეტს - განათლების, აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვის კომიტეტებს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეუსრულებლობისა და შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების მხრიდან თანხების აუთვისებლობის გამო, პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტი არადამაკმაყოფილებლად აქვს შეფასებული. ამ მხრივ დეპუტატების მთავარი შეკითხვა იყო ის, თანხების აუთვისებლობა უკავშირდება ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვას თუ მენეჯმენტურ პრობლემებს.
2014 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე ხვალ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დასკვნით სხდომას გამართავს.