11 სექტემბრის ტრაგედიის მიმართ ქართველი ხალხის მხრიდან ყოველთვის მხარდაჭერას ვგრძნობთ, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო "ციტადინში" განაცხადა, სადაც საქართველო-ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით მიღება გაიმართა.
ელჩის თქმით, 11 სექტემბერს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში, იხსენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საშინელი ტერაქტისა და ტრაგედიის მსხვერპლნი გახდნენ.
"პირველ რიგში მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება ქართველი ხალხისადმი. ამ დღეს, 11 სექტემბერს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში იხსენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც გახდნენ მსხვერპლი საშინელი ტერაქტისა და ტრაგედიის. საქართველოში ვრძნობთ მუდმივ მხარდაჭერას. საქართველო-ამერიკის მეგობართა კლუბი ტრადიციულად აწყობს ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება ამ დღეს. მათ წელს მოაწყვეს ალპინიადა და მყინვარწვერზე აღმართეს დროშა იმ ადამიანების გვარებით, რომლებიც 11 სექტემბერს დაიღუპნენ ", - განაცხადა ნორლანდმა.
მისივე თქმით, ამ ტრაგედიის შემდეგ ბინ ლადენისა და "თალიბანის" წინააღმდეგ გლობალური პარტნიორობა დაიწყო, რაც საქართველოსთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა.
"2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გლობალური პარტნიორობა დაიწყო და ამ პარტნიორობაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. შეიქმნა საერთაშორისო კოალიცია "თალიბანისა" და ბინ ლადენის წინააღმდეგ. კოალიციის საქმიანობის შედეგად ავღანეთის მოსახლეობამ მიიღო თავისუფლება. სასარგებლო აღმოჩნდა თავად საქართველოსთვისაც და წაადგა მისი უსაფრთხოების და თავდაცვის განვითარებას იმ დროს, როდესაც ეს მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ელჩმა.
მიღებას მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს 9/11-ისადმი მიძღვნილი, მყინვარწვერზე ლაშქრობის ამსახველი ფოტოები და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დამზადებულ მეტალის კონსტრუქციის ხეზე სიმბოლურად შეაბეს ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერი ლენტები.