ქობულეთში საშინელი, დაუშვებელი და მიუღებელი ამბავი მოხდა, - ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს რელიგიურ ნიადაგზე ქობულეთში განვითარებულ მოვლენების შესახებ განუცხადა.
მისი თქმით, ქობულეთში მუსლიმურ პანსიონთან ღორის დაკვლა და ღორის თავის სასწავლებლის კარებზე დამაგრება მთელი ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა.
"მუსლიმი საზოგადოება ჩვენი საზოგადოების უშუალო ნაწილია. ამ ფორმას არავითარი გამართლება არ აქვს. აქციები გასაგებია, პროტესტი გასაგებია, მაგრამ ის რაც მოხდა, სისხლის დაღვრა, ყოვლადმიუღებელია. პროკურატურა იქნება თუ პოლიცია, აუცილებელია სწრაფად მოხდეს რეაგირება და ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაისაჯნონ დამნაშავეები. მე, როგორც პირველ რიგში მთავრობის წევრი, ბოდიშს ვუხდი მუსლიმებს. როგორც მართლმადიდებელი შეურაცხყოფილი ვარ", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ქობულეთში მუსლიმურ პანსიონთან უცნობმა პირებმა ღორი დაკლეს და ღორის თავი სასწავლებლის კარებზე დაამაგრეს.