დავით ნარმანია ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს

დავით ნარმანია ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს

თბილისის მერი დავით ნარმანია ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კორუფციული ქმედებების შედეგად თბილისის ბიუჯეტმა ათეულობით მილიონი ლარი დაკარგა. "კონკრეტულად ხვალ, საზოგადოებას მივაწვდი ძალიან საინტერესო ინფორმაციას თუ როგორ დაკარგა ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებებით თბილისის ბიუჯეტმა ათეულობით მილიონი ლარი", - აღნიშნა ნარმანიამ.

თბილისის მერი გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ბიუჯეტთან დაკავშირებით მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს. დედაქალაქის მერის თქმით, ძალიან უსუსურობაა მისთვის და მისი გუნდისთვის ისეთი რამის დაბრალება, რაც ჯერ არ გაუკეთებიათ.

"ჩვენ ვართ ახალმოსულები და ბიუჯეტის გაფლანგვასთან დაკავშირებით ჩვენი როლი ნულის ტოლია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ასობით ათასი ლარის პრემია გამოიწერეს ხალხის ხარჯზე. სევდია უგრეხელიძე, ირაკლი აბესაძე და ამ გუნდის სხვა წევრები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, სწორედ თავიანთ თავზე იწერდნენ უზარმაზარ თანხებს პრემიების სახით. ამ ადამიანებმა წინასაარჩევნო პერიოდში, კონკრეტულად კი მაისში, პირწმინდად გახარჯეს ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე გათვალისწინებული ბიუჯეტი და დაგვიტოვეს მძიმე საბიუჯეტო მდგომარეობა. საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად იცის", - აღნიშნა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ბიუჯეტში წარმოდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს, რომ წლის ბოლომდე აუცილებელი ჯანდაცვითი და სოციალური მომსახურება, რაც თბილისელებს ეკუთვნით, იქნას მიწოდებული და დაიწყოს ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოები და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

"ეს მალე უნდა დავიწყოთ, რათა მოესწროს 2015 წლის გაზაფხულამდე დასრულება. ამ ხარჯებს ვითვალისწინებთ ბიუჯეტის პროექტში. ეს ის ხარჯებია, რომლებიც მათ გათვალისწინებული არ ჰქონდათ", - აღნიშნა ნარმანიამ.