დემოკრატიაში იგულისხმება, რომ არავინ არის დირექტორი

დემოკრატიაში იგულისხმება, რომ არავინ არის დირექტორი

მე არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ "ვქაჩავ" წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამ კონტექსტში, ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ვალდებულებებში, რასაც ახორციელებს, არ არის პოლიტიკური შინაარსი.

"მე არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ვქაჩავ წინ. მე ვახორციელებ იმას, რომ ქვეყანაში დაცულ იქნას დემოკრატიული ბალანსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ის პოლიტიკურ ძალას ჩაუდგეს სათავეში, პრეზიდენტის განცხადებით, "პოლიტიკური კარიერის პიკზე" იმყოფება.

"პოლიტიკური კარიერის პიკზე ვარ. ვარ საქართველოს პრეზიდენტი და აქედან გამომდინარე, მაქვს დიდი ვალდებულებები. გამაჩნია სრული საშუალება და რესურსი საზოგადოებას ველაპარაკო, ავუხსნა, რანაირად უნდა განვითარდეს მომავალში საქართველო. აქ არის მარტივი ჭეშმარიტებები – საქართველოში არის დემოკრატია, "დემოკრატიაში" კი იგულისხმება ის, რომ არავინ არის დირექტორი. ძალაუფლება, ბალანსი გადანაწილებულია შტოებს შორის. ყველა ჩვენგანს ევალება ამის განხორციელება, ყველა ჩვენგანს ევალება ემსახუროს ამ პრინციპებს. მე ამ პრინციპებს ვემსახურები და ასეც გავაგრძელებ მომავალში. შესაბამისად, მე პოლიტიკური ძალა იმისთვის, რომ ჩემი საქმე განვახორციელო, არ მჭირდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.