გიორგი მარგველაშვილი:  მე ვემსახურები ქვეყანას

გიორგი მარგველაშვილი: მე ვემსახურები ქვეყანას

მე ვემსახურები ქვეყანას კონსტიტუციის ფარგლებში და ასე გავაგრძელებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა.

მისი თქმით, იგი ემსახურება ქვეყანას და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტის გაძლიერებას.

"მე ვემსახურები ქვეყანას, მე ვემსახურები იმას, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს დემოკრატიული წყობა, მე ვემსახურები ქვეყანას კონსტიტუციის ფარგლებში და ასე გავაგრძელებ. ბუნებრივია ის რეჟიმი, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერ საუბრობდეს და გაჩუმდეს, ეს იქნება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ყველას, ვისაც მოლოდინი აქვს, რომ უნდა იყოს აბსოლუტური უნისონი და არ უნდა იყოს ნორმალური ძალთა ბალანსი და ფაქტიურად ხელისუფლება გადაქაჩული უნდა იქნას ერთი მიმართლებით, ჩემი აზრით, კარგად არ ესმით რას ნიშნავს დემოკრატია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ახალი კოჰაბიტაციური ეტაპის დაწყება, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იგი სხვა გუნდში არ გადასულა.

"კოჰაბიტაცია ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არის ერთი პოლიტიკური გუნდიდან და მეორე პოლიტიკური გუნდი არსებობს. არც რომელიმე პოლიტიკური გუნდი შემიქმნია, არც გადავსულვარ რომელიმე გუნდში. მე ვასრულებ ჩემს მოვალეობებს კონსტიტუციის მიხედვით, არც ერთი ნაბიჯი მე არ გადამიდგამს საპირპისპირო. თუ მოხდება ძალის გადაქაჩვა პალამენტის უფლებამოსილების, პრეზიდენტის და სხვა მიმართულებით, ყველგან მე დავაფიქსირებ ჩემს პოზიციებს. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მე პოლიტიკურ თემებზე მქონოდა დაპირისპირება. მაგრამ ინსტიტუციურ თემებზე, რომ პრეზიდენტი, ისევე როგორ პარლამენტი და აღმასრულებელი არიან დამოუკიდებელი ინსტიტუტები და მათ ევალებათ, რომ გააძლიერონ დემოკრატია საქართველოში, ამასთან დაკავშირებით მე რა პოზიცია მანამდე მქონდა, იგივეს ვინარჩუნებ. მე ვერ მოვახდენ ხელისუფლების ან ჩემსკენ გადმოქაჩვას, ან რომელიმე შტოსკენ", - განაცხადა მარგველაშვილმა.