კარგი იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბოლოოდ სექტად არ ჩამოყალიბდეს , - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს ქაოსის შესაქმნელად მიცემული აქვს დავალებები, ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი შექმნას.
წულუკიანის განცხადებით, არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების დაკარგვას ძალიან განიცდის. მინისტრის თქმით, ისინი, ვინც ციხეში, გარეთ, საზღვარგარეთ არიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოში ქაოსი, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, საზოგადოებაში შფოთი და ხშირ შემთხვევაში ისტერიკაც შექმნან.
"ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. მართლაც მინდა დავადასტურო, რომ ის სქემები და სქემების პროექტები, არაერთი, არამედ რამდენიმე, არის ძალოვანი სტრუქტურების ხელში და ყველა სქემა ეხება იმას, თუ როგორ მოხდეს ქვეყანაში არეულობა, დაძაბულობა, იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ერთ დღეს დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ხელისუფლების ცვლილების დრო არის 2016 წლის არჩევნები. ხელისუფლების ცვლილება ამ ქვეყანაში მოხდება მხოლოდ არჩევნების გზით და კარგი იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბოლოოდ სექტად არ ჩამოყალიბდეს. მე მზად ვარ მათ გავუწიო ამ საქმეში მრჩევლის როლი, მაგრამ ეს საკითხი, თუ როგორ არ უნდა ჩამოყალიბდეს "ნაციონალური მოძრაობა" დახურულ სექტად, რომელიც ქვეყნის არევას ცდილობს, აუცილებელია მათ განიხილონ საკუთარი პარტიის პოლიტიკური საბჭოს უახლოეს სხდომაზე. ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ალექსანდრე ჭიკაიძის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას ჰქონდეს ადგილი. მისივე თქმით, მისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს კონკრეტული დავალებები მისცა. ალექსანდრე ჭიკაიძის ინფორმაციით, ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე გაიცა.