პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველ სტრუქტურებს მოუწოდებს, ქობულეთში მომხდარი ფაქტი სასწრაფოდ გამოიძიონ და პროვოკაციაში მონაწილეებს პასუხი აგებინონ.
“პრინციპულად ვგმობ იმ პროვოკაციას, რომელიც გუშინ ქობულეთში მოხდა - ეს არის რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა, რომელსაც სახელმწიფო არ დაუშვებს და ყოველთვის წინ აღუდგება.
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია, მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. რელიგიური დაპირისპირება უცხოა ჩვენი ხალხისთვის. საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო შემწყნარებლობით, ტოლერანტობით, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები.
ეს პროვოკაცია, ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი საქართველოში, მათ, ვისაც სურს, გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში.
მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი და სათანადოდ აგებინონ პასუხი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა კი მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათი ინტერესების დასაცავად. ყველა დამნაშვე იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში ადგილობრივები თურქ ბიზნესმენს დაუპირისპირდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ტერიტორია თურქეთის მოქალაქემ მუსტაფა ბუიუქმა სასტუმროს მშენებლობისთვის შეიძინა, მოგვიანებით კი, მუსლიმური სასწავლებლის გახსნა გადაწყვიტა.
პროტესტის ნიშნად ადგილობრივებმა რამდენიმე წუთით გზაც გადაკეტეს, შემდეგ კი აღნიშნულ მისამართზე ღორი დაკლეს და მისი თავი მედრესეს შესასვლელ კარზე დაკიდეს.
შსს-მ ქობულეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.