ქობულეთში მუსლიმთა პანსიონის წინ ჯვარია აღმართული. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწავლებლის ხელმძღვანელმა შამილ კაკალაძემ განუცხადა , ორი კვირის წინ სასწავლებლის წინ ჯვარი მიიტანეს და პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ.
"ჯვარი აღმართეს დაახლოებით ორი კვირის წინ, ეგონათ, რომ პროვოკაციას წამოვეგებოდით, აჟიოტაჟს ავტეხავდით. ამ ფაქტზე ყურადღება, რომ არ გავამახვილეთ, შემდეგ ღორი დაკლეს და თავი სასწავლებლის კარზე მიამაგრეს. ვნახოთ, მომდევნო ჯერზე რას მოიფიქრებენ. ღორის თავი ვინ ჩამოხსნა არ ვიცი. გუშინ გამგებელს ვთხოვე, რომ მუსლიმებს არ შეგვეძლო შეხება და შესაბამის სამსახურებს ჩამოეხსნათ", - აღნიშნა შამილ კაკალაძემ.
იგი ასევე აცხადებს, რომ პანსიონის კანალიზაციის სისტემის გამართვისთვის თანხა თვენახევრის წინ გადაიხადა, თუმცა ამ დრომდე შესაბამის სამსახურს სამუშაოები არ ჩაუტარებია.
"სკოლა იწყება და გვჭირდება კანალიზაციის სისტემის გამართვა. წყალკანალში 1650 ლარი გადავიხადეთ თვენახევრის წინ და ჯერაც არ უწარმოებიათ სამუშაოები. ჰიგიენის საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვითხოვთ კანალიზაციის სისტემის დროულად გამართვას", - აღნიშნა შამილ კაკალაძემ.
ქობულეთში, მუსლიმთა პანსიონთან გუშინ უცნობმა პირებმა ღორი დაკლეს და ღორის თავი სასწავლებლის კარზე მიამაგრეს. სასწავლებლის კარიდან ღორის თავი უკვე ჩამოხსნილია.