პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე სახელმწიფო მინისტრი ალექსი პერტიაშვილის განცხადებას პასუხობს.
როგორც ფხალაძემ აღნიშნა, გაერო-ში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ამას ხელი არავინ უნდა შეუშალოს.
“საუბარია იმაზე, როგორ მოხდეს საქართველოს წარმოდგენა. დანარჩენი, როგორც კი სამუშაო პროცესის შედეგად მივიღებთ რაღაც გარკვეულ სიცხადეს ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით, მოგახსენებთ. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, მით უმეტეს, შეურაცხმყოფელი განცხადებები, არანაირად არ უწყობს ხელს ქვეყნის იმიჯის წარმოჩენას, მათ შორის, არც საერთაშოროს არენაზე, იმიტომ რომ ნებისმიერ განცხადებას ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან ჩვენი პარტნიორები. ეს არის სამუშაო პროცესში, რომელშიც არის საკითხები, რომელიც უნდა გადაიჭრას და მივცეთ ამის საშუალება”, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებულ გაუგებრობას “ფეისბუქის” გვერდზე გამოეხმაურა.
“მე რაც მტკივა, ეგ არის, რომ ჩვენი კოალიციის მიერ, ბატონი ბიძინას წარდგინებით ერთსულოვნად შეთანხმებული პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილმა ასევე ძალიან კარგად იცის, რომ მისი წასვლა ქვეყნის იმიჯსაც დააზიანებს და პრეზიდენტის ინსტიტუტსაც, აგრეთვე კარგად იცის, რომ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას, ჯინიანი ბავშვივით იჩემებს წასვლას. და ჩემი აზრით, ეს წასვლა მხოლოდ ნიუ იორკში წასვლა არაა.
რა პრობლემაა. სადაც უნდა იქ წავიდეს. ოღონდ გავერკვეთ. და დროზე გავერკვეთ.
გამოვიდეს პრეზიდენტი და თქვას ხმამაღლა, მთავრობა თავისთვისაა, მე ჩემთვის და თვითონაც ამოისუნთქავს, გულზე მოეშვება.
მე პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხალხის არჩევანს და ასეც გავაგრძელებ, ვიდრე სახელმწიფო მოხელე ვიქნები.
მთელ ოპოზიცურ სპექტრს კი გაუხარდება, დროებით წამოვა სეტყვა და კრიტიკის ქარიშხალი, მაგრამ სიცხადე ყველაფერს სჯობს.
ეგრე აჯობებს ქვეყნისთვის, ხალხისთვის და მისთვისაც”, - წერს ალექსი პეტრიაშვილი.