ოთარ დანელია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ოთარ დანელია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს სებასტიან კურცის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მხარეებმა ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში უკვე მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს  და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტებისთვის   ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ავსტრიის განვითარების სააგენტო განახორციელებს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ხელშეწყობის პროექტს, რომელიც ქართველ მეწარმეებს წარმოებაში  საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ევროპის ბაზარზე  ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს. 

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების  მნიშვნელობაზე და ამ ხელშეკრულების ერთ-ერთ ძირითად ნაწილზე - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებაზე. მან ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საქართველოსთვის  ავსტრიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.