პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, “როგორც ჩანს, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყანაში გამოიწვევს არეულობას, შექმნის ისეთ ფონს, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს დაუცველობის განცდა;
“მათ აწყობთ ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის დამძიმება, ნებისმიერი მკვლელობით, რომელიც შეიძლება, ყოფით ნიადაგზე მოხდეს (რაც რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა) სარგებლობას და დივიდენდების ჩაწერას ცდილობენ; სურთ დახატონ აპოკალიფტური სურათი, ხელი შეუშალონ ამითი ინვესტიციების მოზიდვას, დააფრთხონ ადამიანები, რომლებიც გეგმავენ, რომ საქართველოში ბიზნესი დაიწყონ. რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც თავად იყო ორგანიზებული დანაშაულის სათავეში, თავად გეგმავდა ადამიანების მკვლელობას, გაუპატიურებას და რაღაც საშინელებებს, სწორედ ძალადობაზე იდგა მთელი მათი ხელისუფლება, რთულია და ძნელად შესაგუებელია, რომ დღეს არ არის ხელისუფლებაში. გარდა ამისა, მათი პოლიტიკური ლიდერები პასუხისგებაში არიან, ზოგ შემთხვევაში განაჩენი უკვე დადგა, ზოგ შემთხვევაში მიმდინარეობს პროცესები და ახლა ცდილობენ, რომ ეს კრიმინალები დაიხსნან პასუხისმგებლობიდან. როგორც ჩანს, ეს ერთ-ერთი ხერხია, რომლითაც ისინი აპირებენ, რომ იმუშაონ”, - განაცხადა კობახიძემ შს მინისტრის ინტერვიუს კომენტირებისას.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია შესაბამისმა უწყებამ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს.
“შსს იმიტომ არსებობს, რომ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს და გარემოებებს, უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება და არ უნდა დაუშვან იმ მზაკვრული გეგმის განხორციელება, რომელიც შესაძლოა, აქვს ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას. ეს გამოძიება უნდა შედგეს და ვის რა როლი ჰქონდა აქ, რას გეგმავდა სააკაშვილი და რისი ჩადენა იყო მათ მიზნებში, გამოძიება უნდა დაადგინოს”, - განაცხადა კობახიძემ.