პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური შს მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და როგორც აცხადებს, ოპოზიციას კარგად იცნობს და იცის, რომ ასეთი ფონის შექმნა მათი საქმიანობის სტილია.
“ალექსანდრე ჭიკაიძე არ არის მინისტრი, რომელიც სიტყვაუხვობით გამოირჩევა. რაკი მან ასეთი ტიპის განცხადება გააკეთა, ესე იგი ამის საფუძველი ჰქონდა. მე ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, ვინც კარგად იცნობს “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის სტილს. ის, რომ თავიანთი არასამთავრობოებით, თავიანთი ჟურნალისტებით, თავიანთი პოლიტიკური ლიდერებით ყველანი კომპლექსურად დაკავებულები არიან, რომ ქვეყანაში როგორმე არაჯანსაღი კლიმატი წარმოქმნან, დახატონ სურათი, რომ ყველა მიმართულებით საშინელი ვითარებაა, ეკონომიკაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში, პოლიციაში, კრიმინოგენური მიმართულებით, ეს მათი საქმიანობის სტილია. ამიტომ ჩემთვის ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის. არ ვიცი ის წერილი უგულავას ეკუთვნოდა თუ არა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მენტალურად ისინი სწორედ ასე უყურებენ საკუთარ ქვეყანას. თუმცა მინდა, ვთქვა, რომ საშიში არაფერია. ჩვენ პოლიტიკური პრობლემა არ გვაქვს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, თანაწონადი პოლიტიკური მოწინააღმდეგე არ გვყავს. მთავარი გამოწვევა, რაც დღეს ჩვენს ხელისუფლებას აქვს - ეკონომიკის შენელება, დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნაა და ვფიქრობ, ძირითადი ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა დავხარჯოთ. რაც შეეხება კანონის დარღვევას, დესტაბილიზაციას, საბოტაჟს, ეს კანონით დასჯადი ქმედებებია და ვფიქრობ, კანონი ჩვენს ქვეყანაში ბოლომდე იქნება დაცული”, - განაცხადა ძიძიგურმა.