"ნაციონალური მოძრაობა" ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა სერგო რატიანმა განუცხადა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ალექსანდრე ჭიკაიძეს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ გააკეთოს სრულიად არაადეკვატური განცხადებები.

"რაღაც ზღაპრებით უნდა გადაფაროს თემები. ეს არის გადაფარვის მცდელობა. ორჯერ გააკეთა მსგავსი განცხადება და ორჯერვე დასაცინი გახდა. ამ განცხადებებს, როგორც ჩანს, ის პრემიერის დავალებით აკეთებს და ჭიკაიძის მიმართ ნორმალური დამოკიდებულება არ არის, რადგან რამდენჯერაც ასეთი განცხადება გააკეთა ღარიბაშვილის დავალებით, იმდენჯერ დასაცინი გახდა", - აღნიშნა რატიანმა. ოპოზიციონერი დეპუტატი მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, ნუ აგდებს ჭიკაიძეს ასეთ სასაცილო მდგომარეობაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას.

როგორც მინისტრი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, მისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს. ჭიკაიძის თქმით, ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე გაიცა.

შს მინისტრის განცხადებით, ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდა პარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმენალად კონკრტული დავალებები და გეგმები მისცა, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შექმნას კარგად ორგანზიებული 500 კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად.

"მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ მოახდინონ პოლიციის პროვიცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვიცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია, შექმანა ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლომატიურ საზოგადოებაში", - აღნიშნავს ალექსანდრე ჭიკაიძე.

მისივე ინფორმაციით, უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები. "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერ დავკონკრეტდები", - დასძინა ჭიკაიძემ.