გიორგი მარგველაშვილმა კარგად იცის, რომ მისი წასვლა ქვეყნის იმიჯს დააზიანებს

გიორგი მარგველაშვილმა კარგად იცის, რომ მისი წასვლა ქვეყნის იმიჯს დააზიანებს

გიორგი მარგველაშვილმა კარგად იცის, რომ მისი წასვლა ქვეყნის იმიჯსაც დააზიანებს და პრეზიდენტის ინსტიტუტსაც, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

პეტრიაშვილი აშშ-ში გამგზავრებასა და გაერო-ს სამიტში მონაწილეობის მიღებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას "ფეისბუქში" ეხმიანება და მიაჩნია, რომ პრეზიდენტის წასვლის შემთხვევაში "დაგვცინებენ".

როგორც მინისტრი აცხადებს, საგარეო საქმეთა სამინისტროზე ისრების გადაყვანას და ხელების შეწმენდას თავი უნდა დაანებოს ყველამ.

"მათ საყურადღებოდ, ვითომ რომ ვერ ხვდებიან და გულუბრყვილო სახეებით კითხულობენ: "რა დაშავდება, რომ წავიდეს ორი უმაღლესი თანამდებობის პირი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე? რა, კლიმატური ცვლილებების სამიტი უმნიშვნელო ღონისძიებაა?" დაშავდება. ჩვენი ქვეყანა, რომ 194-ში ამ უცნაურობით გამოირჩევა ყველა გაიგებს, თუ უკვე არ იციან და დასცინებენ, დაშავდება. ერთი საქართველოდან გენერალურ მდივან ბან კი მუნთან ორი შეხვედრის მოთხოვნით, რომ გაერო-ს სამდივნოში დაგვცინებენ, მაგრად დაშავდება. ერთ შენობაში ორი დელეგაციით გადაადგილება, ორი ლოგისტიკა, ორი უსაფრთხოება შაყირის და იმავდროულად წუხილის საგანი რომ გახდება, დაშავდება", - მიაჩნია ალექსი პეტრიაშვილს.

მისივე თქმით, ვინც ამ შეკითხვას სვამს, ძალიან კარგად და შეიძლება ითქვას, ზედმიწევნით კარგად იცის, რომ დაშავდება და თანაც ძალიან მაგრად დაშავდება.

"მაგრამ ნაპრალების გაჩენით ხართ დაკავებული. ოღონდ ეს დაპირისპირება გამოჩნდეს და ქვეყნის იმიჯს არაფრად აგდებთ. პოლიტიკური ოპონენტების ხალისიან და ბედნიერ სახეებს ვხედავ და სიმართლე გითხრათ არ მიკვირს. მათთვის ნატო-ს სამიტიც წარუმატებელი იყო. ასოცირებასაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ანუ მათი მმართველობაში დაესვა ბეჭედი, ახლა კი ქვეყანა მკვდარია. გაჩერებულია და წყალსაც წაუღია. ოღონდ დღევანდელმა მთავრობამ წაიფორხილოს და რას დაეძებ. ვწუხვარ, რომ აშკარა სიბეცესთან გვაქვს საქმე", - აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, მას არ უკვირს, როდესაც ოპოზიციას კრუნჩხვები ემართება, რადგან რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი, ქართველი ხალხი და ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ბრიუსელშიც ხელმოწერაზე, გაერო-შიც გენერალურ ასამბლეაზე და კლიმატურ ცვლილებების სამიტზე, უელსში ნატო-ს სამიტზე და ამერიკელი სკაუტების შეკრებასა თუ ევროპელ არქიტექტორთა კონფერენციაზეც ყველაფერი გარკვეული იქნებოდა და ყველგან მ. სააკაშვილი იქნებოდა და მაგარ ამბებსაც დაატრიალებდა.

"მე რაც მტკივა, ეგ არის, რომ ჩვენი კოალიციის მიერ, ბატონი ბიძინას წარდგინებით ერთსულოვნად შეთანხმებული პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილმა ასევე ძალიან კარგად იცის, რომ მისი წასვლა ქვეყნის იმიჯსაც დააზიანებს და პრეზიდენტის ინსტიტუტსაც. ასევე კარგად იცის, რომ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას, ჯინიანი ბავშვივით იჩემებს წასვლას და ჩემი აზრით, ეს წასვლა მხოლოდ ნიუ იორკში წასვლა არაა. რა პრობლემაა. სადაც უნდა იქ წავიდეს. ოღონდ გავერკვეთ და დროზე გავერკვეთ. გამოვიდეს პრეზიდენტი და თქვას ხმამაღლა, მთავრობა თავისთვისაა, მე ჩემთვის და თვითონაც ამოისუნთქავს, გულზე მოეშვება. მე პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხალხის არჩევანს და ასეც გავაგრძელებ, ვიდრე სახელმწიფო მოხელე ვიქნები", - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

პრეზიდენტის მრჩეველის საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძის განცხადებით კი, პრეზიდენტს გაერო-ში ვიზიტთან დაკავშირებით ისევ პრინციპული პოზიცია აქვს. როგორც პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი სეხვედრის შემდეგ ფხალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ვიზიტზე მუშაობა გრძელდება.