სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი , სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე, მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი ნათია კაციტაძე და სახალხო დამცველის მრჩეველი მედეა ტურაშვილი ოფიციალური ვიზიტით მექსიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან. ვიზიტის მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და მექსიკის ადამიანის უფლებათა ეროვნულ კომისიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ეროვნული კომისიის საქმიანობისა და მიღწევების გაზიარება.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მექსიკის ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის პრეზიდენტთან რაულ პლასენცია ვილანუევასთან და ექვს ვიზიტორთან, რომლებიც კომისიაში სპეციალიზირებულ დეპარტამენტებს ხელმძღვანელობენ.
მექსიკის ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისია მსოფლიოში ყველაზე დიდი ეროვნული ინსტიტუტია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მისი მანდატი მნიშვნელოვნად განსხვავდება მსოფლიოს სხვა ომბუდსმენების ინსტიტუტების მანდატისგან, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ინსტიტუტის როლს, არა მხოლოდ ეროვნული, არამედ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
9 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და მექსიკის ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამავე დღეს, კომისიამ უმასპინძლა საქართველო-მექსიკის საერთაშორისო ფორუმს - "წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმები და ადამიანის უფლებები". ფორუმზე საქართველოს სახალხო დამცველი წარსდგა როგორც ფორუმის მთავარი მომხსენებელი და ისაუბრა ომბუდსმენის საქმიანობასა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მექსიკის შეერთებულ შტატებში მალხაზ მიქელაძემ.
ფორუმს ასზე მეტი უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, ასევე წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები ესწრებოდნენ. მათ შეკითხვებს სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ და მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია კაციტაძემ უპასუხეს.
ვიზიტისას, საქართველოს სახალხო დამცველის დელეგაციის წევრები ასევე ეცნობიან მექსიკის ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის სტრუქტურას, ყოველდღიურ საქმიანობას, რეკომენდაციების შესრულების პრაქტიკას და კომისიის გამოცდილებას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის სფეროში.
ვიზიტი 7 სექტემბერს დაიწყო და 11 სექტემბერს დასრულდება.