ებოლას ვირუსზე საქართველოში 57 პირს აკვირდებიან

ებოლას ვირუსზე საქართველოში 57 პირს აკვირდებიან

ებოლას ვირუსზე საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 57 პირს აკვირდებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სულ დაკვირვების ქვეშ 64 პირი იმყოფებოდა, მათგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე იყო. 21 დღიანი დაკვირვების პერიოდის გასვლის შემდეგ აღნიშნული პირები, კერძოდ 7 ადამიანი თავს კარგად გრძნობს.

მისივე განმარტებით, ამჟამად დაკვირვების ქვეშ 57 ადამიანი რჩება, მათი უმეტესობა ნიგერიიდან ჩამოსული სტუდენტები არიან. იმნაძემ აღნიშნა, რომ 170 მლნ-იან ნიგერიაში ვირუსის მხოლოდ 22 შემთხვევაა დაფიქსირებული, ისიც სხვა ქვეყნიდან არის შეტანილი.

იმნაძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოში იმ ქვეყნებიდან შემოსულ პირებს, სადაც ებოლას ვირუსია გავრცელებული, პერიოდულად უკავშირდება და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას მოიკითხავს.

უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, პაატა იმნაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს. საზღვრის გადმოკვეთისას ადამიანებს საინფორმაციო ბუკლეტი ეძლევათ, სადაც მითითებულია, თუ ვის მიმართონ დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

ებოლას ვირუსი რამდენიმე თვის წინ, ძირითადად აფრიკის ქვეყნებში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ლიბერიაში, გვინეასა და სიერა ლეონეში ებოლას ვირუსს 2 288 ადამიანი ემსხვერპლა.