რუსეთმა კიევსა და ბრიუსელს იმ ცვლილებათა სია წარუდგინა, რომლის შეტანასაც უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერილ დოკუმენტში ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
liga.net-ის ცნობით, დოკუმენტი, სახელწოდებით "რუსული მხარის შეთავაზება ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმ რისკების მინიმალიზაციის მიზნით, რომელსაც შეთანხმების ძალაში შესვლა გამოიწვევს", 60 გვერდისგან შედგება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული რუსეთს სურს, ამოიღოს რიგი პროდუქტებისა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ორმხრივი ვაჭრობის ლიბერალიზაციიდან. უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვი უკრაინასა და ევროკავშირს სთავაზობს თავისუფალი ვაჭრობიდან პროდუქტების 20% ამოიღოს. აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქტების ჩამონათვალი 60-გვერდიანი დოკუმენტის 45 გვერდს მოიცავს.
liga.net-ის ცნობით, რუსეთს ასევე სურს, მის მიერ წამოყენებული ცვლილებები ხუთ მიმართულებას შეეხოს, მათ შორის ენერგეტიკისა და ტარიფების ლიბერალიზაციას.
უკრაინამ, საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 27 ივნისს მოაწერა.