მოქალაქეთა განაცხადების შესაბამისად, არაპროგრამული მკურნალობისთვის საჭირო თანხებს თბილისის მერიის სპეციალური კომისია გამოყოფს.
თბილისის მერიაში დღეს მთავრობის სხდომაზე სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს. კომისიას დედაქალაქის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე უხელმძღვანელებს. კომისიის წევრები სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პირები იქნებიან.
როგორც მთავრობის სხდომაზე სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, კომისიის მუშაოების წესი საკრებულომ 2 სექტემბრის სხდომაზე დაამტკიცა და მერიას კომისიის შექმნა დაავალა.
ჩივიაშვილის თქმით, მერიაში მკურნალობის დაფინსასების მოთხოვნით მოქალაქეებისგან უკვე საკმაოდ ბევრი განაცხადია შესული. კომისიაში პირის სამედიცინო დიაგნოზის სიმძიმეს ექიმები განსაზღვრავენ და ამის მიხედვით გადაწყდება, რომელი განაცხადი დააფინანსონ.
კომისიისთვის პრიორიტეტული სიმსივნით დაავადებულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დაფინანსება იქნება.