შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს აინტერესებს, თუ სუსტი მინისტრია და სუსტი თანამშრომლები ჰყავს, მაშინ რაში სჭირდებათ მასთან ამხელა ბრძოლა?
“თქვენ ნახეთ, რომ დაიწყო ჩემი პიროვნებისადმი შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენება, თუ ასეთი სუსტი ვარ, როგორც მინისტრი და სუსტი თანამშრომლები მყავს, მაშინ რაში სჭირდებათ ჩემთან ამხელა ბრძოლა? კონკრეტული ჯგუფები აპირებდნენ ამ ნიუანსების გამოყენებას. სამწუხაროდ, დაემთხვა მკვლელობების ფაქტები და მათი გეგმის ნაწილი იყო, რომ დაწყებულიყო სამინისტროს დისკრედიტაცია, იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, ცდილობდნენ განწყობის შექმნას, რომ ქვეყანაში არის ქაოსი და შსს არის დემორალიზებული. ეს პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება, არ შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტორი და საქართველოს შეუქმნან იმიჯი, თითქოს არსებობს საფრთხეები, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ წელს საქართველოში იმდენი ტურისტი ჩამოვიდა, რამდენიც არასდროს ყოფილა”, - განაცხადა მინისტრმა “ალიასთან” ინტერვიუში.
მისივე თქმით, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები იგეგმება.
“რაც შეეხება უგულავას სახელით გავრცელებულ წერილს, ამ კონკრეტულ წერილთან დაკავშირებით პასუხისგან თავს შევიკავებ, თუმცა გიდასტურებთ, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები, ისინი ცდილობენ დესტაბილიზაციის და დესტრუქციული ქმედებების გამხორცილებას, პირველი დარტყმა რა თქმა უნდა, მოვიდოდა ჩემზე და ჩემს სამინისტროზე. მათი მიზანი იყო ჩემი და ჩემი თანამშრომლების განეიტრალება, რასაც ვამბობ ამის მტიცებულებები და ფაქტები მაქვს”, - განაცხადა ჭიკაიძემ “ალიასთან” ინტერვიუში.