ჰიტლერის ნახატებისადმი ინტერესი იზრდება

ჰიტლერის ნახატებისადმი ინტერესი იზრდება

მიუხედავად იმისა, რომ ადოლფ ჰიტლერი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, დღეს საყოველთაოდ უარყოფილია, ბოლო დროს გაჩნდა ინტერესი ჰიტლერის, როგორც მხატვრისადმი.  როგორც ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე, ჰიტლერის ძირითადი პროფესია სწორედ მხატვრობა იყო, თუმცა მისი, როგორც მხატვრის ნიჭისადმი განსაკუთრებული ყურადღება მის სიცოცხლეშიც კი ძალიან ცოტა ვინმეში თუ გამოუწვევია. 

თუმცა, დღეს, როდესაც ფაშისტური გერმანია წარსულს ჩაბარდა, ჰიტლერის ნახატებზე მზარდი ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. სულ ცოტა ხნის წინ, დიქტატორის დახატული 13 ტილო, საკმაოდ სოლიდურ თანხად – 160 ათას დოლარად გაიყიდა. ნახატების შემძენმა საკუთარი ვინაობა ინკოგნიტოდ დატოვა, რაც ერთი შეხედვით ბუნებრივიც არის.

ეს ნახატები თავის დროზე, ბერლინში შესულმა ინგლისელმა სამხედროებმა იპოვნეს და თავიდან მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ სურათები ბრიტანეთის უმთავრესი მტრის მიერ იყო შექმნილი. ნახატების იდენტურობა მხოლოდ გასული საუკუნის 60–იან წლებში გაირკვა.