“The Beach Boys” ალბომის გამოცემას აპირებს

“The Beach Boys” ალბომის გამოცემას აპირებს

გამოცემა “Rolling Stone”-ის ინფორმაციით, ცნობილი ამერიკული ჯგუფი “The Beach Boys”-ის წევრები უახლოეს მომავალში ახალი სტუდიური ალბომის ჩაწერას აპირებენ.

 

მიმდინარე წელს ჯგუფის დაარსებიდან 50 წელი შესრულდა. ამ თარიღის ღირსეულად აღნიშვნისათვის მუსიკოსებმა მსოფლიო საგასტროლო ტურნე დაგეგმეს.

 

“The Beach Boys”-ის ახალი ნამუშევარი გაყიდვაში 2012 წლის აპრილში გამოვა. მისი სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. დისკის გამოცემის შემდეგ ჯგუფი გასტროლებზე გაემგზავრება. ცნობილია რომ მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 50 კონცერტს ჩაატარებენ. პირველი მათგანი ქალაქ ახალ ორლეანში გაიმართება.

 

ჯგუფი “The Beach Boys” 1961 წელს, ლოს-ანჯელესთან ახლოს მდებარე პატარა დასახლებულ პუნქტში გოტორნში ჩამოყალიბდა. მისი შექმნის იდეა სამ ძმა უილსონებს გაუჩნდათ. ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობა შემდეგი იყო: ბას გიტარა-ბრაიან უილსონი, ვოკალისტი-კარლ უილსონი, მედოლე-დენის უილსონი, ვოკალისტი-მაიკლ ლავი და გიტარისტი-ალან ჯარდინი.

 

მათი პირველი ალბომი “Surfin' Safars” 1961 წლით არის დათარიღებული. სამწუხაროდ მას წარმატება არ მოჰყოლია.

 

ჯგუფმა პოპულარობას 1963 წელს მიაღწია, როდესაც გაყიდვაში მათი სინგლი “Surfin' USA” გამოჩნდა.

 

“The Beach Boys”-ის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი 1995 წელს გამოშვებული ალბომი “Stars and Stripes. Vol. 1” აღმოჩნდა. ამის შემდეგ მუსიკოსები ძირითადად ძველი კომპოზიციების გადაკეთებით იყვნენ დაკავებული. ჯგუფის ბოლო მუსიკალურმა ალბომმა “Sounds Of Summer. The Very Best” დღის სინათლე 2002 წელს იხილა.