გასულ ოთხშაბათს, 13 დეკემბერს, შვეიცარიის პარლამენტმა ქვედა (ეროვნული საბჭო) და ზედა (კანტონების საბჭო) პალატების გაერთიანებულ სხდომაზე 174 ხმით კონსერვატიულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, 55 წლის ეველინ ვიდმერ-შტუმპფი (Eveline Widmer-Schlumpf) შვეიცარიის პრეზიდენტად აირჩია.
შვეიცარიის პრეზიდენტი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს შემადგენლობიდან ყოველწლიურად როტაციის წესით ირჩევა. ფედერალური საბჭო ქვეყნის ერთგვარ კოლექტიურ ხელმძღვანელობით ორგანოს წარმოადგენს, რომელიც 7 წევრისგან შედგება. თითოეული წევრი თავის ფედერალურ დეპარტამენტს მეთაურობს. ქვეყნის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტთან ერთად, ერთი წლით ირჩევა და, შეთანხმების შესაბამისად, საბჭოს თითოეული წევრი შვიდ წელიწადში ერთხელ ხდება ჯერ ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო შემდეგ წელს – პრეზიდენტი.
კონფედერაციის პრეზიდენტი არის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი. ის თავმჯდომარეობს ფედერალური საბჭოს სხდომებს და ასრულებს წარმომადგენლობით გარკვეულ ფუნქციებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში, როგორც წესი, ქვეყნის მეთაურები ასრულებენ. ექსტრემალურ სიტუაციებში მას უფლება აქვს იმოქმედოს ფედერალური საბჭოს სახელით. მართალია, პრეზიდენტი ერთგვარად ”პირველია თანასწორებს შორის”, მაგრამ საბჭოს დანარჩენი ექვსი წევრი მის დაქვემდებარებაში არ არის და მისი ძალაუფლება მათზე არ ვრცელდება. პრეზიდენტი, კლასიკური გაგებით, კონფედერაციის სახელმწიფოს მეთაური არ არის.
ეველინ ვიდმერ-შტუმპფი კონფედერაციის პრეზიდენტი 2012 წლის განმავლობაში იქნება. ამრიგად ქალბატონი ვიდმერ-შტუმპფი გახდება კონფედერაციის მეხუთე და ზედიზედ მესამე პრეზიდენტი ქალი. პარალელურად, იგი ფინანსების ფედერალურ დეპარტამენტსაც უხელმძღვანელებს.
პალატების გაერთიანებულმა სხდომამ ფედერალური საბჭოც აირჩია, რომლის შემადგენლობა იგივე დარჩა, რაც წინა წლებში იყო. ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ ქალბატონი მიშლინ კალმი-რეი, რომელმაც ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა თავისი წასვლის შესახებ, თანაპარტიელმა ალენ ბერსემ შეცვალა. იგი კონფედერაციის შინაგან საქმეთა დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
ვიცე-პრეზიდენტად პარლამენტმა მემარჯვენე-რადიკალური შვეიცარიის სახალხო პარტიის წევრი ული მაურერი აირჩია. იგი თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის დეპარტამენტს უდგას სათავეში.
საბოლოოდ ფედერალური საბჭოს შემადგენლობა ასე გამოიყურება:
· ეველინ ვიდმერ-შტუმპფი - ფინანსების ფედერალური დეპარტამენტი, 2012 წელს კონფედერაციის პრეზიდენტი;
· ული მაურერი - თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის ფედერალური დეპარტამენტი, 2012 წელს კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;
· ალენ ბერსე - შინაგან საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი;
· დიდიე ბუკხალტერი - საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი;
· დორის ლოიტხარდი - გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის ფედერალური დეპარტამენტი;
· იოჰან შნაიდერ-ამმანი - ეკონომიკურ საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი;
· სიმონეტა სომარუგა - იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტი.