ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის მტკიცებით, მიმდინარე წლის ყველაზე წარმატებული მომღერალი ადელი უახლოესი პერიოდის განმავლობაში ახალი სტუდიური ჩანაწერის გამოცემას არ აპირებს.
23 წლის ადელის განცხადებით, 2011 წელი მისთვის ძალიან დაძაბული და დამღლელი გამოდგა. ამ მიზეზის გამო მომავალი 2-3 წლის განმავლობაში ახალ ალბომზე მუშაობას ნამდვილად არ აპირებს. მუსიკოსი ძირითადად საგასტროლო ტურნეებით იქნება დაკავებული.
“ახალ ალბომზე მუშაობას მას შემდეგ დავიწყებ როდესაც 26 წლის გავხდები. რიგით მესამე ნამუშევარი წინამორბედებს უნდა სჯობდეს. სამწუხაროდ მიმდინარე წელს ძალიან დავიღალე და სერიოზული მუშაობისათვის მზად არ გახლავართ.” – განაცხადა ადელმა.
ადელი (ნამდვილი სახელი ადელ ედკინსი) 1988 წელს, ლონდონის ენფილდის რაიონში დაიბადა.
სადებიუტო ალბომი “19” 2008 წლის 28 იანვარს გამოუშვა. ამ დღიდან მომღერალმა უსაზღვრო პოპულარობას მიაღწია. ის დასახელდა სოულის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. ინგლისელი მუსიკალური კრიტიკოსების აზრით, ადელი სახელოვანი ეტა ჯეიმსისა და დასტი სპრინგფილდის ტრადიციებს აგრძელებს.
დისკი “19” რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ალბომების ჰიტ-პარადებს უცვლელად ლიდერობდა, მოგვიანებით კი “გრემის” ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ადელის მეორე სტუდიური ჩანაწერი “21” გაყიდვაში მიმდინარე წელს გამოვიდა და უკვე არაერთი პრესტიჟული პრიზის მოპოვება მოასწრო. ნამუშევარმა მრავალი ცნობილი მუსიკალური გამოცემის გამოკითხვებშიც იმარჯვა.