„სოლიდარობის ფონდმა“ სოლიდური სიმსივნით დაავადებული 11 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა

„სოლიდარობის ფონდმა“ სოლიდური სიმსივნით დაავადებული 11 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნინო კობახიძის განცხადებით, ფონდში სულ 15 განაცხადი იყო შესული, რომელთაგან სათანადო კრიტერიუმები თერთმეტმა დააკმაყოფილა.

„3 განაცხადი დაკმაყოფილდა საზღვარგარეთ მკურნალობაზე. ჯამში თანხა, რაც ფონდმა უნდა გასცეს, დაახლოებით 96 ათასი ლარია. 15 განაცხადიდან 2 არ ჯდებოდა კრიტერიუმებში, თუმცა ამის მიუხედავად, გადავამისამართეთ ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიაში. ვიცე-მერი ამ მუდმივმოქმედი კომისიის წევრია და მივეცით ამ ადამიანებს მიმართულება. იმ ოჯახებს, რომელთა განაცხადებიც დაკმაყოფილდა, დადებით პასუხს დღესვე შევატყობინებთ. თანხების გადარიცხავა უახლოეს მომავალში დაიწყება“, - განაცხადა ნინო კობახიძემ და აქვე აღნიშნა, რომ ფონდის ბიუჯეტში სულ 150 ათასი ლარია აკუმულირებული.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ რომ ფონდში თანხები 23 ათასი საჯარო მოხელის მიერ ნებაყოფლობითი შენატანებით შეგროვდა.

„პირველ ეტაპზე სოლიდარობის ფონდმა განაცხადების მიღება გამოაცხადა 18 წლამდე სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. დღევანდელი კომისიის სხდომით პრაქტიკულად დადასტურდა, რომ დღეისთვის მობილიზებული თანხა, რომელსაც 23 ათასი საჯარო მოხელე ყოველთვიურად ნებაყოფლობით სწირავს ფონდს, საკმარისია, რათა სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა თანადაფინანსების პრობლემა სრულად იქნას გადაჭრილი“, - განაცხადა ჯაშმა.