დანაშაული იკლებს, მაგრამ მედიის მიერ 100%-იანი გახდა დანაშაულის გაშუქება

დანაშაული იკლებს, მაგრამ მედიის მიერ 100%-იანი გახდა დანაშაულის გაშუქება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობოს საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, დანაშაული იკლებს , მაგრამ გაიზარდა და 100%-იანი გახდა მედიის მიერ გაშუქება.

ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს კრიმინოგენური ვითარების შეფასებისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ზაქარეიშვილის განცხადებით, ის რაც ნამდვილად არსებითად შეიცვალა, ეს არის გაშუქების აბსოლუტურობა და არსებითი განსხვავება არის ის, რომ ადრე კრიმინალი არ შუქდებოდა ისე, როგორც დღევანდელი ხელისუფლების დროს შუქდება.

"ერთი პერიოდი როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა ხელისუფლებაში, მეტი ხელმისაწვდომობა იყო ინფორმაციებზე. მქონდა რა კონტაქტები შს სამინისტროსთან, ყოველ წელს ვაქვეყნებდი ინფორმაციას, რამდენად იზრდებოდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებები. უცებ შს სამინისტრომ შეწყვიტა ამ მონაცემების გამოქვეყნება და ის ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან ვინც მაწვდიდა ამ ინფორმაციას. ეს მოხდა დაახლოებით 2006 წელს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელმა მთავრობამ ამ ინფორმაციების გასაჯაროება დაიწყო და მკაფიოდ ჩანს, რომ სტატისტიკა დანაშაულის არის უფრო ნაკლები ვიდრე იყო ადრე.

"დანაშაული იკლებს, მაგრამ გაიზარდა და 100%-იანი გახდა დანაშაულის გაშუქება მედიის მიერ. ეს კარგია, ცუდი არ არის. ვეთანხმები პრემიერს, რომ სტატისტიკურ მონაცემებში მკაფიოდ ჩანს, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის რაოდენობა არ იზრდება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი სამინისტრო პროფესიონალურად მუშაობენ.