საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საბჭოთა კავშირის დროს რესპრესირებულთათვის კომპენსაციის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებულებმა შესაძლოა, 2 ათას ლარამდე კომპენსაცია მიიღონ.
"მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ კანონპროექტი, რომელიც ეხება საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებულთა უფლებების დაცვას. ეს არის 8 ათასამდე, უკვე ხანში შესული ადამიანი, რომლებიც აწამა და მსხვერპლად აქცია საბჭოთა რეჟიმმა. სტრასბურგის სასამართლოში ორმა ამგვარმა მოქალაქემ მოიგო საქმე და ჩვენ, ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების დროს დაგვევალა, რომ შეგვეცვალა კანონი. წინა მთავრობა ამაზე უარს ამბობდა, თუმცა დღეს ეს ცვლილებები ჩვენ დავამტკიცეთ და კანონში ჩავწერეთ, რომ კომპენსაცია, მაშინ, როცა ადეიშვილის დროინდელი სასამართლო დამცინავად, რეპრესირებულებს 200 ლარს აძლევდა, შეიძლება ავიდეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 ათას ლარამდე,- აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მოხუც რეპრესირებულებს, რომლებიც ცხოვრობენ დასავლეთში და უჭირთ თბილისში სიარული, ქუთაისშიც შეეძლებათ, მიმართონ სასამართლოს.
"კომპენსაცია სიმბოლურია და ვერაფერი გამოისყიდის იმ წამებას, რაც მათ გაიარეს, თუმცა თანხა არ უნდა იყოს დამცინავი", - განაცხადა მთვარობის სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ აღნიშნული კანონმპროექტი რაც შეიძლება მალე იქცეს კანონად.