დანაშაულის მთლიანად აღმოფხვრის ილუზია ნურავის ექნება, - ამის შესახებ მთავრობის დღენდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს , კრიმინოგენური მდგომარეობის კომენტირებისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება. "დღეს კრიმინოგენური მდგომარეობა, როგორც ითქვა, არის სტაბილური. დანაშაულის მთლინად აღმოფხვრის ილუზია ნურავის ექნება, რადგან ის ყველა ქვეყანაში არსებობს. მთავარი ჩვენთვის და ჩვენი მთავრობისთვის არის ის, რომ როდესაც დანაშაული ხდება, ეჭვმიტანილი იქნეს რაც შეიძლება სწრაფად დაკავებული, ხოლო როცა დამტკიცდება, რომ პირი არის დამნაშავე და სიცოცხლის წინაშე ჩაიდინა დანაშაული, სასჯელი იყოს მკაცრი და ადეკვატური", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, ასევე აუცილებელია პრევენციული ღონისძიებები, კანონის გამკაცრება კი ემსახურება იმას, რომ ვინც უკანონოდ ატარებს იარაღს და შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, გაფრთხილდეს, - ანუ ამას ჰქონდეს გადამარწმუნებელი ეფექტი.
იუსტიციის მინისტრი საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ მიეცემიან იმ ფსიქოზს და შფოთვას, რომელსაც თესავს ზოგიერთი ძალა.
"ყველა ის საქმე, სამწუხარო ტრაგედია, რაც მოხდა, იქნება გამოძიებული და დამნაშავე მკაცრად დასჯილი. წარსულშიც იყო დანაშაულები, მაგრამ მას წინა ხელისუფლება სხვაგვარად ებრძოდა. ჩვენ მკაცრად ვებრძვით დანაშაულს, მაგრამ არ გვავიწყდება, რომ ამ ბრძოლაში არ უნდა მოყვნენ უდანაშაულო ადამიანები', - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.