მთავრობა იქნება მკაცრი მათთან, ვინც იარაღის უკანონოდ ტარებას და თანატოლზე ხელის აღმართვას გაბედავს

მთავრობა იქნება მკაცრი მათთან, ვინც იარაღის უკანონოდ ტარებას და თანატოლზე ხელის აღმართვას გაბედავს

იუსტიციის სამინისტრო ირაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუმარტა.

მისივე განმარტებით, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავრობა იქნება მკაცრი მათთან ბრძოლაში, ვინც იარაღის უკანონოდ ტარებას და თანატოლზე ხელის აღმართვას გაბედავს.

"რა თქმა უნდა, იმ დანაშაულთან ბრძოლა, რომელიც არის მიმართული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, უნდა იყოს მკაცრი. ამ ბრძოლაში არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებები, მაგრამ აუცილებელია და დავალებაც მივიღეთ, რომ შს სამინისტრომ პრევენციული ღონისძიებები გაატაროს, რათა თითოეულმა ახალგაზრდამ იცოდეს - იარაღის უკანონო ტარება, იქნება ეს ცივი იარაღი თუ ცეცხლსასროლი იარაღი, არ არის კანონით დაშვებული. იუსტიციის სამინისტრო მთავრობას მომავალ სხდომაზე წარუდგენს კანონპროექტთა პაკეტს, რომლითაც გამკაცრდება იარაღის, მით უმეტეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჩვენს კანონებში არსებული ნორმები,-აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი მთავრობას რამდენიმე დღეში წარედგინება. "თუმცა, მინდა რომ უკვე ამ წუთიდან მოხდეს ყველა ახალგაზრდის გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა იქნება მკაცრი მათთან ბრძოლაში, ვინც იარაღის უკანონო ტარებას და თავის თანატოლზე ხელის აღმართვას გაბედავს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.