ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა და დრო, ვისხდეთ და ველოდოთ, რამდენად შორს შეუძლია წავიდნენ რუსეთი და რუსეთის პრეზიდენტი და როგორ მოახდენენ ქვეყნიდან ქვეყნის ოკუპირებას. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა ევროპული სახელმწიფოები არიან, რომელთაც თავისუფლად გამოხატეს საკუთარი არჩევანი, თავიანთ ნება - შეუერთდნენ ევროპულ სტრუქტურებს.
"ასე რომ, არავის აქვს ექსკლუზიური უფლება შეცვალოს ეს არჩევანი. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არის უკრაინელი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელთაც ძალიან ძვირი გადაიხადეს ამ არჩევანისთვის, ამიტომ მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, მოლდოვას სჭირდება თანადგომა. ნატო-ს გადაწყვეტილებები იქნება ძალიან ძლიერი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის და არა მხოლოდ მათთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ბედნიერია საქართველოს ინტეგრაციით და მათთვისაც, ვინც ეს აშფოთებს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით ამ ინტეგრაციით. ჩვენ გვინდა ნორმალური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ 21-ე საუკუნეში ე.წ. ახალი ბერლინის კედლის აშენებას და უკრაინის ტერიტორიების ოკუპირებას", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა CNBC-სთან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის სრულ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისივე განცხადებით, საქართველო გმობს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, რუსეთის ღია აგრესიას და ინტერვენციას.
"ეს მიუღებელია დემოკრატიული მსოფლიოსთვის, ეს მიუღებელია 21-ე საუკუნეში. ჩვენ ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს 2008 წლის ომით, როდესაც რუსეთი შემოიჭრა და საქართველოს ტერიტორიების 20% იქნა ოკუპირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. სამწუხაროდ, მაშინ დასავლეთის რეაქცია არ იყოს ისეთი ძლიერი, როგორც ეს ახლა არის. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები და პოლიტიკური განცხადებები.
"ეს არ არის მხოლოდ უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის დაცვა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ევროპელი ლიდერები აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს, ჩვენ ვისმენთ ძალიან მნიშვნელოვან და ძლიერ გზავნილებს აშშ-ის პრეზიდენტისგან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან, ლიტვის პრეზიდენტისგან და სხვა ლიდერებისგან", - განაცხად ალექსი პეტრიაშვილმა.